Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევის საკითხს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის ელჩი ვასილი ციბენკო სამინისტროშია მიწვეული. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ ელჩის მიწვევაში გასაკვირი არაფერია, რადგამ ელჩები სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ მათი მიწვევა ხშირია. დავით კერესელიძის ინფორმაციით, ვასილი ციბენკოსთან სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იქნება უკრაინაში თანამდებობებზე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნაზეც, თუმცა კონკრეტულად რა შეკითხვები ექნება სამინისტროს ელჩთან, კერესელიძეს არ უთქვამს. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ერთგვარად გასაკვირი იყო, თუმცა უკრაინასთან შემდგომ პარტნიორულ და კათილმეზობლურ ურთიერთობას ხელს არაფერი შეუშლის. „უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აქვს და აუცილებლად ექნება მეგობრული ურთიერთობა“ - განაცხადა დავით კერესელიძემ. მისივე თქმით, დღეს უკრაინა რთულ მდგომარეობაშია და მის გვერდით ყოფნა უპირველესი ამოცანაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებითვე, ძალაში რჩება უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის თარიღი დაზუსტებული არ არის.

XS
SM
MD
LG