Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ კოპტ ქრისტიანთა სიკვდილით დასჯის შემდეგ ეგვიპტემ საჰაერო იერიში განახორციელა


ეგვიპტის სამხედრო უწყების ცნობით, მან ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე იერიშები განახორციელა ლიბიის ტერიტორიაზე - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელზეც თითქოს ასახულია ექსტრემისტული ჯგუფის წევრთა მიერ 21 ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტისთვის თავის მოკვეთის აქტი. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის პრესმდივანმა 16 თებერვალს განაცხადა, საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო „ისლამური სახელმწიფოს“ საწვრთნელი ბანაკები და იარაღის საწყობები და მიზნად ისახავდა კოპტი ქრისტიანების მკვლელთა მიმართ შურისძიებასო. პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ 15 თებერვალს სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, ეგვიპტეს უფლება აქვს „შესაფერისად“ უპასუხოს თავის მოკვეთის შემთხვევებსო. მამაკაცი ქრისტიანები დეკემბერში და იანვარში გაიტაცეს ლიბიაში, სადაც ისინი სამუშაოდ იყვნენ წასულები. კაიროში განთავსებული ალ-აზარის მეჩეთი, რომელიც სუნიტურ ისლამში ერთ-ერთ უმთავრეს ავტორიტეტს წარმოადგენს, თავის კვეთის აქტებს უწოდებს „ბარბაროსულს“ და აცხადებს, რომ მათ „არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან ან ადამიანურ ღირებულებებთან.“ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა მკვლელობებს უწოდა „დასაგმობი“ და „ლაჩრული.“

XS
SM
MD
LG