Accessibility links

ნინო გვენეტაძემ უპირველეს მიზნად დაასახელა მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა


საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილმა ნინო გვენეტაძემ მის უპირველეს მიზნად დაასახელა მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლეთა უფლებების და ინტერესების უზრუნველყოფა. „ურთულესი გამოწვევები, რომელთა წინაშეც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. მისივე თქმით, თითოეული მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს მიუკერძოებელ მართლმსაჯულებასა და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე. ნინო გვენეტაძე თავად იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და რამდენიმე კოლეგასთან ერთად, 2005 წელს საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა სასამართლოზე ზეწოლაში. მოსამართლეთა ამ ჯგუფის წევრებს, რომლებსაც მედიასაშუალებებმა „მეამბოხე მოსამართლეები“ უწოდეს, დისციპლინური გადაცდომების მოტივით საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება 2005 წლის დეკემბერში შეუწყვიტა.

XS
SM
MD
LG