Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში 45 ადამიანი დაწვეს


ალ-ბაღდადის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 45 ადამიანი დაწვეს დასავლეთ ერაყის ამ ქალაქში. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლკოვნიკმა ყასიმ ალ-ობეიდიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ მსხვერპლთა შორის იყვნენ უშიშროების ძალის წარმომადგენლები. მისივე თქმით, უშიშროების თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დასახლებაზე ხორციელდება შეტევა. ალ-ობეიდი დახმარების თხოვნით მიმართავს ერაყის მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. მიმდინარე ბრძოლებისა და კომუნიკაციის სიმწირის გამო ამ ცნობის დროულად დადასტურება ვერ მოხერხდა. წინა კვირაში, ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს ქალაქი ალ-ბაღდადი, რომელიც აინ ალ-ასადის სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად მდებარეობს. 13 თებერვალს ტერორისტებმა ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ერაყის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმისას რვა ექსტრემისტი მებრძოლი დაიღუპა. შეერთებული შტატების 300-მდე სამხედრო მოსამსახურე ადგილზე წვრთნის ერაყელ ჯარისკაცებს.

XS
SM
MD
LG