Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ლავროვის განცხადებას


„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია და მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს ეფუძნება“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნდა. 18 თებერვალს, მოსკოვში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით სანაკოევთან შეხვედრისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს შეთრევის მცდელობები ხელს არ შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას და თუ ეს ნაბიჯები პრაქტიკულ სახეს მიიღებს, მოსკოვი მიმართავს ზომებს, რათა არ დაუშვას სიტუაციაზე უარყოფითი გავლენა. ლავროვის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ნატოს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენენ. „ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ ნატოში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს”, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის თავად რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მათი ანექსიის მცდელობით. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ მოითხოვს მის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივად ორჯერ ნაკისრივალდებულების საპასუხოდ რუსეთის მიერ ასეთივე ვალდებულების აღებას. „აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადებით რუსეთი ფაქტობრივად იქვემდებარებს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო სამხედრო გაერთიანებებს, რის გამოც განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG