Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარის შემდეგ კიევში განმეორებით გაიგზავნა ადეიშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ინტერპოლით ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარის შემდეგ, კიევში განმეორებითი მოთხოვნა გაიგზავნა - ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ. მისივე ინფორმაციით, კიევში განმორებითი მოთხოვნა გაიგზავნა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. „როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არც თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს არ გააჩნია რაიმე სხვა მექანიზმი იმისთვის, რომ ძებნილი პირების ექსტრადიციას მიაღწიოს. ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა. მთავარი პროკურორის მოადგილის განმარტებით, ფაქტია ისიც, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით უკრაინა ვალდებულია ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს და საქართველოს პროკურატურასთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება ინტერპოლს, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს მიერ ეს მექანიზმიც გამოყენებულია, თუმცა ინტერპოლს არა აქვს შესაძლებლობა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების გარეშე განახორციელოს რაიმე პროცედურები და ძებნილი ბრალდებული დააკავოს.

XS
SM
MD
LG