Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძე: ვთქვი რაც საჭიროდ ჩავთვალე და ჩემს ფორმულირებაში კრიტიკის საბაბს ვერ ვხედავ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე. მან თქვა, რომ გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით გამოთქვა პირადი ვარაუდი, რომ „უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, სრულფასოვანი გაწევრიანება ვერ განხორციელდება. ახალი წევრის მიღება საბოლოოდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან და ასპირანტი ქვეყნის წარმატებული რეფორმები არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. სხვათა შორის, ასეთი პროგნოზი ჩვენ არაერთხელ გვსმენია ჩვენი ნატოელი პარტნიორებისგან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ „არანაირი ცვლილება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსში არ არსებობს და სანამ განსხვავებულ დასკვნებს გამოიტანენ, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, კარგად ჩაიხედონ იმაში, თუ ვინ რა თქვა და როგორია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეალური მდგომარეობა". გუშინ არაერთმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გააკრიტიკა ზურავ აბაშიძის განცხადება, რომ "ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას". ზურაბ აბაშიძის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „რუსეთი მზადაა შესაბამისი ზომები მიიღოს, თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩათრევის კუთხით"

XS
SM
MD
LG