Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო: ბელორუსია მზადაა ნატოსთან დიალოგისთვის


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზადაა ნატოსთან „კონსტრუქციული დიალოგისთვის“. მინსკში, სამხედრო მაღალჩინოსნებთან 19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, „როგორც სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ღია ვართ ნატოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაეფუძნება თანასწორ პოზიციებს და გამჭვირვალობის პრინციპებსო.“ ლუკაშენკომ დასძინა, ნატოსთან ბევრი საერთო საკითხი გვაკავშირებს, რომლებზე მუშაობაც სრულად ეხმიანება ბელორუსიის ინტერესებსო. ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 21 წელია მართავს და რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც უწოდებენ, განაცხადა, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა მოწმობს, რომ ბელორუსიას უნდა ჰყავდეს არმია, რომელიც მისი ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას შესძლებსო. ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, გამოიყოფა დამატებითი თანხები საიმისოდ, რომ 2020 წლისთვის გაუმჯობესდეს ქვეყნის არმიის შეიარაღების ხარისხი.

XS
SM
MD
LG