Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ლიბიაში აფეთქებებს ემსხვერპლა სულ მცირე 45 ადამიანი


ოფიციალური პირების ცნობით, 20 თებერვალს აღმოსავლეთ ლიბიაში სამი დანაღმული მანქანის აფეთქებებს ემსხვერპლა სულ მცირე 45 ადამიანი, დაიჭრა კიდევ ათობით პირი. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებათა სამიზნეები იყო საწვავის სადგური, პოლიციის სადგური და პარლამენტის სპიკერის, აგილა სალაჰის სახლი, რომელიც ქალაქ ალ-ყუბაში მდებარეობს. თავდასხმებზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა, სალაჰის ვერსიით, თავდასხმა წარმოადგენდა შურისძიებას ეგვიპტის მიერ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ახლახან მიტანილი იერიშებისთვის. აფეთქებების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სალაჰმა ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა. ეგვიპტის სამხედრო ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეები 16 თებერვალს დაბობმა დერნაში - ისლამისტების მიერ დაკავებულ ქალაქში, რომელიც ალ-ყუბასთან ახლოს მდებარეობს. ეგვიპტის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს წინ უძღოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ 21 ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანისთვის თავის მოკვეთის აქტი. გასამხედროებული დაჯგუფებები ლიბიაზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან 2011 წელს, მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ. ქვეყანაში მოქმედებს ორი, ერთმანეთის მეტოქე მთავრობა და პარლამენტი.

XS
SM
MD
LG