Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს მომხსენებელი საქართველოს: „არ გამოიყენოთ პატიმრობა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა, ესპანელმა დეპუტატმა, პედრო აგრამუნტმა, რომელიც ახლახან თბილისს სტუმრობდა, საქართველოს მოუწოდა არ გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა „პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“. დეპუტატი წერს: „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირების საქმეში. ამ ზოგადი გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაკვირვებული დავრჩი, როცა შევიტყე, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთი მაღალი რაოდენობით არიან დაკავებული, ზოგიერთი მათგანი ღრმა იზოლაციაშია მოთავსებული, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად“. აგრამუნტი განაგრძობს: „ასეთ ვითარებაში, ვერ დავაღწიე თავი შთაბეჭდილებას, რომ ეს წარმოადგენს ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან მათი წინამორბედების წინააღმდეგ წარმოებული, მწვავე კამპანიის ნაწილს. ... პოლიტიკური მეტოქეების დემონიზაცია, რაც, როგორც ჩანს, საქართველოში ორმხრივ ხასიათს ატარებს, არ არის ჯანსაღი რამ დემოკრატიისთვის. დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების უფლებამოსილება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული და არც ამგვარი გამოყენების შთაბეჭდილება უნდა შეიქმნას.“თბილისში ყოფნისას აგრამუნტმა მოინახულა ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში არიან - მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა.

XS
SM
MD
LG