Accessibility links

logo-print

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა


საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების შპს "ავტოჰაუს-რუსთავი2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება და გამოძიებას თავს არ არიდებს.

XS
SM
MD
LG