Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დარწმუნებულია, რომ ირანთან მოხერხდება შეთანხმების მიღწევა


ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, „მყარდება იმედი“, რომ თეირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის მოხერხდება ფართო შეთანხმების მიღწევა დათქმულ ვადაში, 30 ივნისამდე. „კმაყოფილები ვართ, რადგან ყოველ მორიგ შეხვედრას კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოაქვსო“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, 23 თებერვალს გვიან საღამოს. რიაბკოვი ამ განცხადებით გამოვიდა ჟენევაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. მოლაპარაკება გაიმართა ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის და მის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა შედგა აშშ-ის და ირანის მაღალჩინოსან დიპლომატებს შორის.ირანიც და აშშ-ც იუწყებოდნენ, რომ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა დასძენდნენ, რომ გასაკეთებელი ბევრი რამ რჩება. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ თეირანთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შეიზღუდება ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. თეირანი უარყოფს დასავლეთის ეჭვებს, რომ ის თავის სამოქალაქო ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის შესაქმნელად იყენებს. შარშანდელ მოლაპარაკებებში ორ დათქმულ ვადაში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. წელს მოლაპარაკების მონაწილეები ცდილობენ პოლიტიკური ჩარჩო მარტის ბოლომდე შეათანხმონ, სრული შეთანხმება კი 30 ივნისამდე გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG