Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს ყაზახეთის პრეზიდენტის ყოფილი სიძე


ავსტრიის სასჯელაღსრულების სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვენის ერთ-ერთ ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რახათ ალიევმა - ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილმა სიძემ, რომელიც შემდეგ მისი ოპონენტი გახდა. თუმცა ალიევის ადვოკატი თვითმკვლელობის თაობაზე ეჭვს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ჩატარდება „ძალიან მასშტაბური“ გამოძიება. ავსტრიის პროკურორებმა ალიევს დეკემბერში წაუყენეს 2007 წელს ორი ყაზახი ბანკირის მკვლელობის ბრალდება. ამ საქმის გამო ყაზახეთმა რამდენჯერმე მოითხოვა ალიევის ექსტრადიცია. ალიევი წარსულში ავსტრიაში ყაზახეთის ელჩი იყო, შემდეგ კი ის ნაზარბაევის მწვავე კრიტიკოსად იქცა. თავად ალიევი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. ის ივნისში ჩაბარდა ავსტრიის ოფიციალურ სტრუქტურებს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. 2008 წელს ყაზახეთის სასამართლომ ალიევს დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 40 წლის ვადით, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების მოწყობის მცდელობაში და ადამიანების გამტაცებელი კრიმინალური ჯგუფის შექმნაში. 2013 წელს ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ალიევი ეჭვმიტანილი იყო ოპოზიციის ლიდერის, ალტინბეკ სარსენბაილის და მისი ორი მოკავშირის მკვლელობების შეკვეთაში. ავსტრიამ, რომელმაც ორჯერ თქვა უარი ალიევის ყაზახეთში ექსტრადიციაზე, ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო, გამოძიება 2011 წელს დაიწყო.

XS
SM
MD
LG