Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მარტს განახლდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამების საკითხზე შეთანხმება „მოახლოებულია“ და მოუწოდა ყველა მხარეს, მომავალ კვირაში ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე პოლიტიკური ნება გამოავლინონ. მოგერინიმ გუშინ თქვა, ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებთო. სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ 2013 წლის საშუალედო შეთანხმების შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების პროცესში წარმატებას მიაღწიეს. 23 თებერვალს, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე ამერიკელმა და ირანელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს, თუმცა, საბოლოო შეთანხმებამდე დიდი სამუშაოა გასაწევი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „სასარგებლო, კონსტრუქციული და სერიოზული“ იყო, მაგრამ წინ კიდევ გრძელი გზააო. ზარიფის განცხადებით, მოლაპარაკებები 2 მარტს განახლდება ჟენევაში.

XS
SM
MD
LG