Accessibility links

logo-print

პუტინმა "გენოციდს" შეადარა აღმოსავლეთ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „გენოციდს“ შეადარა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული რეგიონებისათვის გაზმომარაგების შეწყვეტა. პუტინმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, კაცს „გენოციდს მოაგონებს“ მათთვის გაზის მიწოდებაზე უარის თქმა. იქვე პუტინმა უკრაინა გააფრთხილა, რომ მას გაზმომარაგების შეწყვეტა ემუქრება, რამაც შესაძლოა გაზის იმპორტის პრობლემები შეუქმნას ევროპას. პუტინის თქმით, რუსეთი იმედოვნებს რომ არ მოუწევს უკრაინაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შეწყვეტა, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება კიევის „ფინანსურ დისციპლინაზე“. რუსეთის კომპანია "გაზპრომის" განცხადებით, ის 26 თებერვალს შეაჩერებს უკრაინისათვის გაზის მიწოდებას, თუ კიევი წინასწარ არ გადაიხდის საფასურს. თავის მხრივ, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზმა“ მიმდინარე კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებული აქვს იმ გაზის მხოლოდ ნახევარი, რომლისთვისაც წინასწარ გადაიხადა და აღარ აპირებს მეტი ფულის გაღებას, სანამ მთელი მოცულობა არ მიუღია. „გაზპრომის“ განმარტებით, დარჩენილი გაზი გაიგზავნა მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რომლებსაც კიევმა გაზმომარაგება შეუჩერა.

XS
SM
MD
LG