Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და აშშ რუსეთს მოუწოდებენ სავჩენკოს გათავისუფლებისაკენ


ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ისევ მოუწოდეს რუსეთს, ციხიდან გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედრო მფრინავი, ნადია სავჩენკო, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული. მოწოდებით გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მოსკოვში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის 13 მაისამდე გაგრძელების შესახებ. სავჩენკო უკვე 76 დღეა შიმშილობს. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა მაია კოჩიანჩიჩმა დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სავჩენკოს ძალიან სუსტ ჯანმრთელობაზე“. მან მოითხოვა უკრაინელი პილოტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო, რაც, მისი განმარტებით, შეესაბამება უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ. ეს ვალდებულებები ახსენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯინ საკიმაც 25 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში. საკიმ გამოთქვა აშშ-ის "ღრმა შეშფოთება" სავჩენკოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ნადია სავჩენკო შარშან ივნისში შეიპყრეს მეამბოხეებმა უკრაინის ტერიტორიაზე და გადაიყვანეს რუსეთში, სადაც მას წაუყენეს ორი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთს არა აქვს მისი დაკავების, ან გასამართლების უფლება.

XS
SM
MD
LG