Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია პრაღის შეხვედრაზე


რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას 26 თებერვალს პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ. უწყების ვებ-საიტზე წაიკითხავთ, რომ „გაგრძელდა დიალოგი კონკრეტულ საკითხებზე რუსეთ-საქართველოს კავშირების იმ მიმართულებებზე, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესის მიღწევა. შეაჯამეს 2014 წლის საქმიანობა. აღინიშნა დადებითი დინამიკა ორმხრივ საქონელბრუნვაში. რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში შევიდა. სავაჭრო ბრუნვის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად იქცა რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული საქონლისთვის, მათ შორის - ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. 2014 წელს გრძელდებოდა საქმიანი კავშირების განვითარება, კონტაქტები ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის - კულტურული, სპორტული, სამეცნიერო და რელიგიურ სფეროებში კონტაქტები. ეს ყველაფერი არის შედეგი ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისა, მათ შორის - სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის, რეგულარული სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. გაიცვალა აზრები საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრაციისა და მონიტორინგის შესახებ 2011 წლის ორმხრივი შეთანხმების განხორციელებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე. ორივე მხარემ დაადასტურა უმოკლეს დროში ამ სამუშაოს დასრულებისკენ სწრაფვა. მხარეებმა გამოხატეს რწმენა, რომ პრინციპული პოლიტიკური საკითხებისადმი მიდგომებში არსებითი განსხვავებების მიუხედავად, „პრაღის დიალოგის“ საქმიანი ატმოსფერო ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული გადაჭრის საშუალებას იძლევა. ხაზი გაესვა ჟენევის დისკუსიების გაგრძელების დიდ მნიშვნელობას და იმას, რომ ეს დისკუსიები იქცა მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მორიგი შეხვედრის თარიღზე მხარეები მოგვიანებით შეთანხმდებიან.

XS
SM
MD
LG