Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის "ადამიანის უფლებათა საბჭოს" წევრი კოლეგებს სავჩენკოს გადარჩენისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტის „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ წევრმა ელენა მასიუკმა კოლეგებს მოუწოდა უკრაინელი სამხედრო მფრინავისთვის - ნადეჟდა სავჩენკოსთვის თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლა მოითხოვონ. „ეს მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ საიტზე გამოქვეყნდა. ხუთშაბათს ელენა მასიუკმა მოინახულა ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვში მდებარე ციხეში - „მატროსსკაია ტიშინა“. მასიუკის თქმით, პატიმრის მდგომარეობა ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესდა. ნადეჟდა სავჩენკო უკვე 77-ე დღეა შიმშილობს. უკვე 15 დღეა ის უარს აცხადებს გლუკოზის ინექციაზეც. მასიუკი დარწმუნებულია, რომ ნადეჟდა სავჩენკო შეიძლება უახლოეს დღეებში გარდაიცვალოს. „რუსეთის ციხეში ნადეჟდა სავჩენკოს სიკვდილის შემთხვევაში უკრაინაში ის ეროვნულ გმირად იქცევა, მის სახელს დაარქმევენ მოხალისეთა რაზმს, სამხედრო თვითმფრინავს და კიდევ მოედანს კიევში. რუსეთი კი მიიღებს სანქციების მორიგ ნუსხას. არსებობს რუსეთის ციხეში დაღუპული მაგნიტსკის სია და მას დაემატება სავჩენკოს სია“, - წერს მასიუკი კოლეგებისადმი მიმართვაში.

XS
SM
MD
LG