Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემ აქციას მოსკოვში შეუერთდა ათიათასობით მოქალაქე


ათიათასობით მოქალაქე შეუერთდა მოსკოვის ცენტრში, ოპოზიციის ორგანიზებულ მსვლელობას, რომელიც პატივს მიაგებდა მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოსკოვის ქუჩებში 70 ათასამდე მოქალაქეა გასული, პოლიცია კი იუწყება, რომ მსვლელობაში მხოლოდ შვიდი ათასამდე პირი მონაწილეობს. მსვლელობის დაწყებამდე ათასობით მოქალაქემ ყვავილები მიიტანა კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე, რომელზეც 27 თებერვალს, გვიან საღამოს, მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი ვიცე-პრემიერი. სახელმწიფო სააგენტო, „ტასი“ სანკტ-პეტერბურგის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქალაქში მიმდინარე ასეთივე მსვლელობას ექვსი ათასამდე პირი შეუერთდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მკვლელობას „პროვოკაცია“ უწოდა და ნემცოვის დედას დაპირდა, რომ მკვლელებს იპოვნიან და დასჯიან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ მუშაობს მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე - მათ შორის შესაძლებლობაზე, რომ ნემცოვი რადიკალმა ისლამისტებმა მოკლეს და ვერსიაზე, რომ მისი მკვლელობა იყო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი პროვოკაცია. ნემცოვი ინტერვიუში ამბობდა, რომ პუტინს შესაძლოა მისი სიკვდილის სურვილი ჰქონოდა იმ კრიტიკის გამო, რომლითაც ნემცოვი გამოდიოდა უკრაინის სეპარატისტულ კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე. ნემცოვის მომხრეები თვლიან, რომ მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა პუტინის მთავრობას ეკისრება.

XS
SM
MD
LG