Accessibility links

მოსკოვში დასრულდა ოპოზიციის აქცია


ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა მოსკოვის ცენტრში, ოპოზიციის ორგანიზებულ მსვლელობას, რომელიც პატივს მიაგებდა მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას. მშვიდობიანი დემონსტრაცია ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე დასრულდა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოსკოვის ქუჩებში 70,000-მდე მოქალაქე გავიდა, პოლიცია კი იუწყება, რომ მსვლელობაში მხოლოდ 7,000-მდე პირი მონაწილეობდა. მსვლელობის დაწყებამდე ათასობით მოქალაქემ ყვავილები მიიტანა კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე, რომელზეც 27 თებერვალს, გვიან საღამოს, მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი ვიცე-პრემიერი. სახელმწიფო სააგენტო, „ტასი“ სანკტ-პეტერბურგის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქალაქში მიმდინარე ასეთივე მსვლელობას 6,000-მდე პირი შეუერთდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მკვლელობას „პროვოკაცია“ უწოდა და ნემცოვის დედას დაპირდა, რომ მკვლელებს იპოვნიან და დასჯიან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ მუშაობს მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე - მათ შორის შესაძლებლობაზე, რომ ნემცოვი რადიკალმა ისლამისტებმა მოკლეს და ვერსიაზე, რომ მისი მკვლელობა იყო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი პროვოკაცია. ნემცოვი ინტერვიუში ამბობდა, რომ პუტინს შესაძლოა მისი სიკვდილის სურვილი ჰქონოდა იმ კრიტიკის გამო, რომლითაც ნემცოვი გამოდიოდა უკრაინის სეპარატისტულ კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე. ნემცოვის მომხრეები თვლიან, რომ მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა პუტინის მთავრობას ეკისრება.

XS
SM
MD
LG