Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი


საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. პროკურატურის განმარტებით, ახალი დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელმაც მოქალაქეს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიაყენა. „დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები, რომელთაგან პრიორიტეტი მიენიჭება ქონების უკანონოდ ჩამორთმევას და ძალადობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც იმხილება საჯარო მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი“ - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. მისივე ცნობით, ახალი დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. პროკურატურის განცხადებით, ახალი დეპარტამენტის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, კადრები შეირჩა განსაკუთრებული სიფრთხილით და დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება. ახალ დეპარტამენტს ჰყავს დაზარალებულთა კოორდინატორებიც, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ მოქალაქეებს მუდმივად მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციას გაუწევენ. მთავარი პროკურატურა ახალი დეპარტამენტის საქმიანობის პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს.

XS
SM
MD
LG