Accessibility links

logo-print

ობამა და ნეთანიაჰუ კამათობენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, საიმისოდ, რომ შეთანხმება შედგეს, ირანი უნდა დათანხმდეს თავისი ბირთვული აქტივობების სულ მცირე ათი წლით შეჩერებას. სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას, 2 მარტს, ობამამ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი ვითარებით ამგვარი შეთანხმების მიღწევა არ წარმოადგენს რეალისტურ პერსპექტივას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფიმ 3 მარტს უარყო ობამას წინადადება და მას „მიუღებელი“ უწოდა. აშშ და კიდევ ხუთი წამყვანი ქვეყანა ცდილობენ ირანთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც თეირანი შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 3 მარტს კონგრესში გამოვა სიტყვით და, როგორც მოელიან, ამგვარი შეთანხმების წინააღმდეგ გაილაშქრებს. როგორც მან 2 მარტს განაცხადა, ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებამ „შესაძლოა ისრაელის გადარჩენა დააყენოს ეჭვქვეშ.“ მაგრამ ობამა აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ წარსულშიც დამდგარა არასწორ პოზიციაზე ირანთან მიმართებით, კერძოდ მაშინ, როცა ის შარშან შუალედური შეთანხმების გაფორმებას შეეწინააღმდეგა. „მას შემდეგ ირანს თავისი პროგრამა არ განუვითარებიაო“ განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ბევრი თვალსაზრისით, ირანმა პროგრამის გარკვეული ელემენტები შეამცირა კიდეც. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას და ირანს შეთანხმების ჩარჩოს მისაღწევ ვადად მარტის ბოლო აქვთ დანიშნული, საბოლოო შეთანხმება კი 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG