Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: ევროკავშირთან დაკავშირებით ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე


„ევროკავშირთან და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება. მისი კომენტარი მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას გადახედოს სამეზობლო პოლიტიკას. „ყველას შევახსენებ, ვინც ამ ამბავმა რაღაცნაირად შეაშფოთა, რომ საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს იურიდიული დოკუმენტი, მას ჰქვია ასოცირების შეთანხმება და ამ შეთანხმებაში რაც წერია, ცხადია, შესრულდება საქართველოს მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაა გზა, რომელზეც საქართველო ევროკავშირს შეუთანხმდა, ეს გაგრძელდება და შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს. ევროკავშირის განცხადებით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას შეახსენა ისიც, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში გარდა ასოცირების შეთანხმების ხელმომწერებისა არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. „ამიტომ, ნუ დავიყვანთ ყველაფერს რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG