Accessibility links

ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნესფორუმი


ბათუმში მიმდინარეობს ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონიმიკის მინისტრები - გიორგი კვირიკაშვილი, შაჰინ მუსტაფაევი და ნიჰათ ზეიბექჩი და სამი ქვეყნის ბიზნესკომპანიების 300-ზე მეტი წარმომადგენელი. ისინი დღის განმავლობაში იმსჯელებენ სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. ფორუმის მონაწილეებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანს და თურქეთს საქართველოს ნამდვილი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები უწოდა. პრემიერის თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს უდიდესი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ რეგიონი აქციონ მნიშვნელოვან მოთამაშედ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. „ჩვენი ქვეყნის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული კანონის და სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციებისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG