Accessibility links

ლამბერტო ძანიერი: ეუთო საქართველოში მისიის აღდგენის გზებს ეძებს


ეუთო საქართველოში მისიის აღდგენის გზებს ეძებს - ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერმა განაცხადა თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ლამბერტო ძანიერის თქმით, ეუთოს ძალიან აწუხებს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა და მავთულხლართების აღმართვა. „ეს ზეგავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევა“, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ლამბერტო ძანიერის შეფასებით, პრობლემების გადასაჭრელად ბევრი გზა არსებობს და მთავარია დიალოგი, როგორც ეს ჟენევასა და ერგნეთში მიმდინარეობს. ძანიერმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ გალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი აღარ მუშაობს. ეუთოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას თანამშრომლობის გაძლიერებაში წვლილის შეტანა სურს და საქართველოში მისიის აღდგენის გზებს ეძებს. „საკითხები რაც შეიძლება დეპოლიტიზებული უნდა გავხადოთ და რასაკვირველია, ადგილზე რომ ვიყოთ უფრო იოლი იქნებოდა როგორც პოლიტიკური, ისე სხვა პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა ლამბერტო ძანიერმა.

XS
SM
MD
LG