Accessibility links

logo-print

ნემცოვის მოკავშირე სკეპტიკურად უყურებს მკვლელობის ვერსიას


რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის მოკავშირე სკეპტიკურად ეკიდება ოფიციალურ ვერსიას, რომ ნემცოვის მკვლელობაში შესაძლოა ისლამისტების ხელი ერიოს. ილია იაშინი, რომელიც ნემცოვის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, „ტვიტერით“ ავრცელებს შეტყობინებას: „ ნემცოვის მკვლელობაში ისლამისტების მოტივების შესახებ გამომძიებელთა აბსურდული თეორია აწყობს კრემლს და პუტინს აცილებს დარტყმას“. მანამდე მან დაწერა: „დაადანაშაულებენ ჩახმახის გამომკრავს, ხოლო ისინი, ვინც ეს მკვლელობა შეუკვეთა, თავისუფალი დარჩებიანო“. მოსკოვის სასამართლომ 8 მარტს წარმოშობით ჩეჩენ კაცებს, ანზორ გუბაშოვს და ზაურ დადაევს წაუყენა ბრალად ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობა. სასამართლომ მოგვიანებით განაცხადა, რომ დადაევმა აღიარა მკვლელობასთან კავშირი. ჩეჩნეთის კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა 8 მარტს „ინსტაგრამით“ დაწერა, რომ დადაევს იცნობდა „ღრმად რელიგიურ კაცად“ , რომელიც თავზარდაცემული იყო ფრანგულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით. ნემცოვი იცავდა „შარლი ებდოს“ გამოხატვის თავისუფლებას. ორი ბრალდებული და კიდევ სამი ეჭვმიტანილი პატიმრობაში რჩებიან, მეექვსე კაცმა, გავრცელებული ცნობებით, გროზნოში პოლიციასთან დაპირისპირებისას თავი მოიკლა. ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად სეირნობის დროს.

XS
SM
MD
LG