Accessibility links

სტამბოლში დაკრძალეს მოკლული ტაჯიკი ოპოზიციონერი


9 მარტს სტამბოლში დაკრძალეს ტაჯიკი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, უმარალი ყუვატოვი. პარალელურად, თურქეთის მედიის ცნობით, დაკავებულია სამი ტაჯიკი კაცი, რომლებიც ყუვატოვის მკვლელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ყუვატოვი 5 მარტს, სტამბოლში მოკლეს, ცეცხლსასროლი იარაღით. დაკრძალვის ცერემონიაზე მისულებმა გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ ყუვატოვის „მკვლელი“ ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ბანერის თანახმად „დიქტატორი“ ემომალი რაჰმონია. ყუვატოვს ერთ დროს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან, თუმცა შემდეგ მის ოპონენტად იქცა. დუშანბეში ყუვატოვის მიმართ საქმე იყო აღძრული ფინანსური მაქინაციების თაობაზე, თავად ყუვატოვი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. მის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთია სულაიმონ ქაუმოვი, რომელმაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ყუვატოვს, ოჯახთან ერთად, სადილზე უმასპინძლა. ყუვატოვმა ტაჯიკეთი 2012 წელს დატოვა და დააარსა ოპოზიციური გაერთიანება „ჯგუფი 24“, რომელსაც რაჰმონის მთავრობამ ექსტრემისტული უწოდა და ოქტომბერში აკრძალა.

XS
SM
MD
LG