Accessibility links

logo-print

ზაურ დადაევი ბრალს არ აღიარებს


ბორის ნემცოვის მკვლელობაში მთავარმა ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა უარი განაცხადა აღიარებითი ჩვენების მიცემაზე. ყოფილი ჩეჩენი პოლიციელი „ლეფორტოვოს“ საგამოძიებო იზოლატორში მოინახულეს საზოგადოებრივი მეთვალყურეების კომისიის წევრებმა, რომელთა შორის იყო „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტი. ზაურ დადაევმა კომისიას განუცხადა, რომ ორი დღის განმავლობაში ხელბორკილები, ფეხებზე კი ხუნდები ედო და თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული. ის სასამართლოს ელოდებოდა, რომ თავისი უდანაშაულობის შესახებ განეცხადებინა: „11 წელი ვებრძოდი დამნაშავეებს, ვიცავდი რუსეთის ინტერესებს, და სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევენ იმის გამო, რომ ვერ მოვასწარი რაღაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სწავლა?“ - ამბობს რუსეთის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და დასძენს, რომ ამჟამად თავს უსაფრთხოს გრძნობს. უფლებადამცველებმა მოინახულეს აგრეთვე ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი ანზორ და შაჰიდ გუბაშევები, რომლებმაც ასევე დაიჩივლეს წამებისა და დაკავებისას ცემის გამო. ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორ პირს - ხამზად ბახაევსა და ტამერლან ესკერხანოვს ედებათ ბრალი. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

XS
SM
MD
LG