Accessibility links

logo-print

კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა


ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მან დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრა 6 მარტს გაიმართა ოკუპირებული რეგიონის იმ ტერიტორიაზე, სადაც ენგურჰესი მდებარეობს. კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის საკითხში ქართული და აფხაზური მხარეები უკვე წლებია კარგად თანამშრომლობენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ვარდნილჰესის არხის გაწმენდა და დასრულებულია ენგურჰესის იმ აგრეგატების რეკონსტრუქცია, რომლებიც გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული. კახა კალაძის ცნობით, 2016 წლიდან დაგეგმილია გვირაბის მასშტაბური რეკონსტრუქცია, რის გამოც აუცილებელი იქნება ჰესის მუშაობის რამდენიმე თვით შეჩერება. აფხაზურ მხარესთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი. სააგენტო ინტერპრესნიუსს მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, რომ გაეცნენ ვარდნილჰესის არხის გაწმენდის პროცესს, რომელშიც საქართველოს ფინანსურ დახმარებას უწევენ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები. მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, არხის გასაწმენდად ქართული კონტრაქტორი კომპანია მუშაობს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვარდნილჰესის არხს უკვე დიდი ხანია პრობლემები აქვს, რადგან ჯებირების დანგრევის გამო ტერიტორია იტბორება. ინფორმაცია ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრის თაობაზე 11 მარტს გაავრცელა სააგენტო აფსნიპრესმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი და კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორი ასლან ბასარია. სააგენტო აფსნიპრესს ასლან ბასარიამ განუცხადა, რომ კონსტრუქციული შეხვედრისას ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს და კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG