Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ინვესტორთა ნდობის დასტურად აფასებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ქვეყნის მთავრობისადმი ინვესტორთა ნდობის დასტურად აფასებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2013 წელთან შედარებით, შარშან პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შარშანდელი ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, მით უმეტეს, რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, რომელიც პრაქტიკულად ყველას შეეხო. პრემიერის თქმით, შარშან ზრდა იყო თითქმის ყველა სფეროში და ბიზნესმენებიც ადასტურებენ, რომ 2014 წელი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი იყო. „თუმცა, სამწუხაროდ, თვალი უნდა გავუსწოროთ დღევანდელ რეალობას, რომელიც ზოგადად რეგიონშია შექმნილი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დღეს კრიზისს განიცდის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მისი ყველა უშუალო მეზობელი ქვეყანა და მთლიანად ევროპაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ქართული ტელეკომპანიების უმრავლესობა ცდილობს მოსახლეობას აჩვენოს, რომ პრობლემები მხოლოდ საქართველოს აქვს, რაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ძალიან დიდი ტყუილია“ და კარგად ახნა-განმარტება სჭირდება. „საქსტატის“ მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 272 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით აღემატება 2013 წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2014 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 331 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ნიდერლანდებმა, რომელსაც მოსდევენ აზერბაიჯანი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, თურქეთი და რუსეთი.

XS
SM
MD
LG