Accessibility links

logo-print

ნადეჟდა სავჩენკოს მოინახულებენ უკრაინელი ექიმები


მოსკოვის ციხეში მყოფი ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის მხარის ნებართვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინელი ექიმები მოინახულებენ. ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა გამოთქვა იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს ობიექტურად შეაფასებენ ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოთხშაბათს ნადეჟდა სავჩენკოს მწვავე პანკრეატიტი განუვითარდა. მან განაცხადა, რომ განაახლებს შიმშილობას, თუკი მასთან კვირის ბოლომდე უკრაინელ ექიმებს არ შეუშვებენ. მისმა მეორე ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა აღნიშნა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს შიმშილობიდან გამოყვანა არასწორად მიმდინარეობს. შიმშილობა 80 დღეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო გასული ზაფხულიდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება ლუგანსკთან რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში მონაწილეობა. უკრაინელი სამხედრო მფრინავი ქალი უარყოფს ბრალდებას და ირწმუნება, რომ ის სეპარატისტებმა დააკავეს და გაგზავნეს რუსეთში. ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცველები, ბევრი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია.

XS
SM
MD
LG