Accessibility links

logo-print

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა


სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამო სამსახურებრივ გულგრილობაში იყო ბრალდებული. გამამართლებელი განაჩენი დღეს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა. მისი განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, მათ შორის „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომასალამ ლევან ჩაჩუას ბრალეულობა ვერ დაადასტურა. თავად ლევან ჩაჩუამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უდანაშაულოა და შესაბამისად, სასამართლოსგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორ რევაზ ნადოისთვის გაუგებარია, რატომ გაუსვა მოსამართლემ ხაზი „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს ერთ-ერთ მტკიცებულებად არ გამოუყენებია და საქმეში არსებულ ძირითად ვიდეომასალას დაეყრდნო.„მოსამართლემ არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულების, მოწმეების და ნეიროქირურგებისჩვენებები, საექსპერტო კვლევები და ამავე საქმეზე მეტი გამოცდილების და მეტი კვალიფიკაციის მოსამართლეთა მოსაზრებები", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

XS
SM
MD
LG