Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ნატოს შემფასებელი მისია


ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოში იმყოფება ნატოს შემფასებელი მისია. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს ინფორმაციით, ალიანსის შტაბ-ბინის და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფში, რომელსაც ნორვეგია ხელმძღვანელობს, მუშაობენ ოფიცრები ლატვიიდან, ლიტვიდან, დანიიდან და გერმანიიდან. ნატოს შემფასებელი მისიის წარმომადგენლები დღეს თბილისში შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ნატოს მისია შეაფასებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი ცენტრისთვის საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც განისაზღვრება კონკრეტული მოთხოვნები და დეტალურად გაიწერება ღონისძიებები პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. ლევან ღირსიაშვილის განმარტებით, მისიის ვიზიტის შემდეგ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, ერთობლივად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის და პროექტის ღირებულების წინასწარი მონახაზი. მომავალი ერთობლივი ცენტრის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების წვრთნა და შეფასება, და ალიანსის და სხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცრება. „ცენტრს ასევე ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივების მხარდასაჭერად", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. მისივე თქმით, გამოყენებული იქნება ყველა რესურსი, რათა ცენტრის შექმნის ინიციატივა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს. ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიხსნება.

XS
SM
MD
LG