Accessibility links

დღეს მოსკოვში დაგეგმილია ვლადიმირ პუტინის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა


დღეს მოსკოვში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა, რომლის დროსაც მათ ხელი უნდა მოაწერონ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას.“ რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ხელშეკრულების გაფორმება 11 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა მიზეზის დაუსახელებლად გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. მინისტრის თქმით, „ამ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის აქტით რუსეთი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს.“ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთის მოქმედებას საქართველო ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ კონკრეტულ ნაბიჯად აფასებს. თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების 18 მარტს გაფორმება ცინიკურად დაემთხვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 31-ე რაუნდს, რომელიც 17 მარტს გაიხსნა, ძირითადი მოლაპარაკება კი დღეს გაიმართება.

XS
SM
MD
LG