Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკფურტში 300-მდე ადამიანი დააკავეს ევროპის ცენტრალური ბანკის საწინააღმდეგო აქციებზე


გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში 300-მდე ადამიანი დააკავეს ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი სათავო ოფისის გახსნის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე, რომლებიც ნაწილობრივ ძალადობაში გადაიზარდა. აქციების ორგანიზატორების მონაცემებით, 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციებზე, რომელთა ზოგი მონაწილეც ქვებს ესროდა პოლიციელებს. დაწვეს პოლიციის რამდენიმე მანქანა. ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შენობა გარშემორტყმულია პოლიციის ბარიკადებით და მავთულხლართებით. დემონსტრანტები აპროტესტებენ ევროპის ცენტრალური ბანკის როლს ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში მომჭირნეობის პოლიტიკის შემოღებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკომისიასთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკი ქმნის ჯგუფს, რომელსაც წინათ სამეულს უწოდებდნენ. ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ევროზონის ფინანსური მოთხოვნების დაცვას კრიზისით მოცულ ქვეყნებში, რომლებსაც უწევთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და მოსახლეობის ნაწილისათვის მტკივნეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

XS
SM
MD
LG