Accessibility links

logo-print

პუტინმა ხელი მოაწერა ცხინვალთან „ხელშეკრულებას“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას“. ხელმოწერა გაიმართა მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას. პუტინის განცხადებით, „ხელშეკრულება“ დაეხმარება ინტეგრაციის პროცესსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობას რეგიონში. დოკუმენტი მოსკოვს ანიჭუბს უფლებამოსილებას, იზრუნოს სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს ცხინვალსა და მოსკოვს შორის რაიმე სახის შეთანხმებას. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რჩება ცალსახა: ისინი არიან საქართველოს განუყოფელი ნაწილი. საგანგებო განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმაც. ის საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას უწოდებს რუსეთისა და მის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებული სამხრეთ ოსეთის მიერ „მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ გაფორმებას. მოგერინის შეფასებით, ამ ე.წ. ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სწორედ იმ დღეს, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 31-ე რაუნდი იმართება, ქმნის გარემოს, რომელიც არ უწყობს ხელს ძალისხმევას, ადგილზე უშიშროებისა და ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG