Accessibility links

logo-print

სეპარატისტები და უკრაინის არმია ერთმანეთს ადანაშაულებენ


დონბასში სეპარატისტები და უკრაინის არმია ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. დონბასში უკრაინის არმიის პრესცენტრის ხელმძღვანელის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ქალაქებთან - სტახანოვი, ალჩევსკი, პერვომაისკი - დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ძალების მობილიზაცია შეინიშნება. „ინტერფაქსის“ ცნობით, ლისენკომ განაცხადა, რომ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს შეიარაღებული ძალების მომზადებას პოლიგონებზე და აქტიურად აწარმოებს საჰაერო დაზვერვას. ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, 22 მარტს, ღამით სეპარატისტებმა გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ნაღმსატყორცნები, ყუმბარმტყორცნი და ჯავშანტექნიკა გამყოფი ხაზის მთელ გაყოლებაზე. ისინი დარტყმას აყენებდნენ უკრაინის არმიის პოზიციებს ავდეევკაში, კრასნოგოროვკაში, ოპიტნისა და სხვა დასახლებებში. თავის მხრივ სეპარატისტები იუწყებიან, რომ უკრაინის არმია არღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ირწმუნებიან, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალები ცეცხლს უშენდნენ როგორც სეპარატისტთა პოზიციებს, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ახალი ამბების სააგენტომ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ კვირას, დღის პირველ ნახევარში ავიადარტყმა განახორციელა დონეცკის რკინიგზის სადგურის შენობაზე.

XS
SM
MD
LG