Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი დაზიანებულია


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნოვის განცხადებით, შავ ყუთში, რომელიც ავიაკომპანია „ჯერმანვინგზის“ თვითმფრინავის ნამსხვრევებში იპოვეს, მოთავსებულია მფრინავების კაბინაში ხმის ჩამწერი აპარატი. სამგზავრო თვითმფრინავი 24 მარტს ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, როცა ჩამოვარდა საფრანგეთის ტერიტორიაზე, ალპებში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 150-ვე ადამიანი. ფრანგი მინისტრის ინფორმაციით, შავი ყუთი დაზიანებულია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოდგეს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. მისივე განმარტებით, გამომძიებლები არაფერს გამორიცხავენ, მაგრამ არ არსებობს საფუძველი მიზეზად ტერაქტის სავარაუდოდ. 25 მარტს განახლდა სამძებრო სამუშაოები მთებში ძნელად მისადგომ ადგილას, პოლიციის ცნობით, ზღვის დონიდან 2000-მდე მეტრის სიმაღლეზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. პოლიცია იუწყება ასევე, რომ არავინ გადარჩენილა და დღეები დასჭირდება დაღუპულების მოძებნას და გადასვენებას ძნელად მისადგომი ადგილის, თოვლის და ქარბუქის გამო. 25 მარტს ავიაკატასტროფის ადგილზე მივლენ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი.

XS
SM
MD
LG