Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართეს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს


საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი ბევრი გამოწვევის წინაშეა - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში." გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს რეგიონულ როლზე, რომელსაც ქვეყანა ასრულებს ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ფონზე საქართველო არაერთი რთული გამოწვევის წინაშეა. „უდიდესი გამოწვევაა განავითარო დემოკრატია, როცა საზღვრები მორღვეულია, ტერიტორიები კი ოკუპირებული“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველოში მოხდა არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ გასული საუკინის 90-იან წლებშიც. პრეზიდენტის შეფასებით, რეგიონში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელიც უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს და განაცხადა, რომ თუკი ამ ხელშეკრულებებამდე არსებობდა საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ის ანექსიის რეჟიმში გადავიდა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანი უწოდა უელსის სამიტზე მიღებულ არსებით პაკეტს. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ განვავითაროთ მთავრობა, საზოგადოება, როგორც ვიპოვოთ ბალანსი თავისუფლებებს შორის, როგორ წავმართოთ ეს ყველაფერი დინამიკურად და საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამავე კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის გარეშე საქართველო ვერ მიაღწევს სხვა ისეთ მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა და მშვიდობა. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველომ გაიარა გრძელი პროცესი და ჰქონდა მცდელობა, ეკონომიკური ზრდისათვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში არსებობს დემოკრატიული ცხოვრების წესის დიდი სულისკვეთება და პოტენციალი, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა დემოკრატიული პოტენციალის კონსოლიდირება და ინსტიტუციონალიზაცია. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო," აშშ-ის საელჩო და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, კერძო სექტორის, აშშ-ის და ნატოს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG