Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა "ექვსეულის" ლიდერებს წერილობით მიმართა


ხუთშაბათს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ანალოგიური წერილები გაუგზავნა ირანის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის ლიდერებს. ირანმა და მსოფლიოს ექვსეულმა 31 მარტამდე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. როჰანი ტელეფონით ესაუბრა ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს. „არ გვაქვს უფლება ხელიდან გავუშვათ ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობა ვემსახუროთ ჩვენი ხალხების და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებს“, - განუცხადა როჰანიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს. ჰასან როჰანის სიტყვებით, ამის წინაპირობებია ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათი და ირანის მიმართ სანქციების გაუქმების აუცილებლობა. კამერონმა ირანის ლიდერს მოქნილობისკენ მოუწოდა. ირანთან მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნები თანხმდებიან, რომ სანქციების ერთი ხელის მოსმით გაუქმება არ შეიძლება, არამედ ისინი მხოლოდ უნდა შეჩერდეს და თეირანის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში განახლდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, მისი კანცელარიის თანახმად, აღიარა ირანის კანონიერი უფლება მშვიდობიანი მიზნებისთვის განავითაროს ბირთვული ენერგეტიკა და ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა უნდა გადაიჭრას ხანგრძლივი ვადით, საიმედოდ და შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამის მიმდინარეობის შემოწმება. ჯერჯერობით უცნობია შეთანხმების დეტალები. ოთხშაბათს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ირანთან წინასწარი შეთანხმების მიღწევა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე შესაძლებელია 31 მარტამდე. კვლავაც შესათანხმებელია მნიშვნელოვანი საკითხის - შესაძლო შეთანხმების მოქმედების ვადის საკითხი.

XS
SM
MD
LG