Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლოს წარუდგინეს „კაბელების საქმის“ მასალები


დაცვის და ბრალდების მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინეს მასალები ე.წ. კაბელების საქმეზე, რომლის გამოც ბრალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი. პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ 21-ტომიანი საქმიდან 2 ტომი საიდუმლო მასალების შემცველია. პროკურორმა აბსურდი უწოდა მედიასაშუალებებისთვის ადვოკატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მათგან ბრალდების მხარე ითხოვდა ხელმოწერას მტკიცებულებათა ნუსხაზე, რომელიც ფაქტობრივად ცარიელი ფურცელი იყო. ზვიად გუბელაძის განცხადებით, ადვოკატები გაეცნენ ყველა მტკიცებულებას, თუმცა უშუალოდ არ გადაეცათ საქმის მასალების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. თავის მხრივ, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაცვის მხარემ პროკურატურის ოქმს ხელი მოაწერა, თუმცა მიუთითა, რომ მტკიცებულებები არ გადასცემიათ, რაც ადვოკატის თქმით, კანონის უხეშად დარღვევაა. სოსო ბარათაშვილის განცხადებითვე, დაცვის მხარემ შეიტყო, რომ პროკურატურამ გუშინ გვიან ღამით დანიშნა კიდევ ერთი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ადვოკატის შეფასებით, გამომძიებლები ახლა არკვევენ ჩაიდინეს, თუ არა დანაშაული ბრალდებულმა პირებმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 1 აპრილსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG