Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრი: ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ


საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ბევრი გამოწვევა აქვს და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მით უმეტეს, საიდუმლო თემებზე საჯაროდ საუბარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია, - ამის შესახებ დღეს თბილისში განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ. ჟურნალისტების შეკითხვას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, რომ მის მიერ საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების სფეროში გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება, მინდია ჯანელიძემ კვლავ უპასუხა, რომ რელურად არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს და შესაბამისად, ვადა არაფერს ეწურება. "პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, მიმდინარეობს წარმატებით და იდგმება ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ქვეყნის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება საქართველოს თავდაცვითი ინტერსები. შეკითხვას, მსგავსი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში თავად ხელს მოაწერდა თუ არა, თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, მოაწერდა. მინდია ჯანელიძემ ინსინუაცია უწოდა პოლიტიკური ოპონენტების განცხადებას, რომ საჰაერო თავდაცვის სტრატეგიის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვა შეიცვალა. "სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ, მათ შორის საჰაერო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებობების განვითარების კუთხით და ყველა მიმართულებით მუშაობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს", - განაცხადა მინდიაჯანელიძემ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყველას მოუწოდა, ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას თავშეკავება და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

XS
SM
MD
LG