Accessibility links

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას მართავენ მინისტრები


მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებას მართავენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ერთ დღეში, 31 მარტს, დადგება ბოლო ვადა, რომელიც დაწესებულია შეთანხმების ჩარჩოს მისაღწევად, რათა შეიზღუდოს ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ მოიხსნას ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ნოემბრის შემდეგ, როცა მანამდე დაწესებულ ვადაში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან. რუსეთის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში „ძალიან ინტენსიური“ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი მოლაპარაკების დაწყებამდე აცხადებდა, საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და ეს შეთანხმება ისეთი იქნება, რომელიც ირანს არ მისცემს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობასო. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, განხილვის სტადიაში რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის იმ ცენტრიფუგების რაოდენობა, რომელთა ამუშავების უფლებაც ირანს ექნება, ისევე, როგორც გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანის შესაძლებლობა. ცენტრიფუგების რაოდენობის შეზღუდვა და გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა ირანს გაურთულებს იარაღისთვის გამოსადეგი მასალების შექმნას - მიზანს, რომელსაც, თეირანის განცხადებით, ის ისედაც არ ესწრაფვის.

XS
SM
MD
LG