Accessibility links

logo-print

ჯოხარ ცარნაევის პროცესზე დასრულდა ბრალდების მტკიცებულებების წარმოდგენა


ორშაბათს ბოსტონის მარათონის ფინიშზე აფეთქებების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის პროცესზე პროკურორებმა დაასრულეს თავიანთი მტკიცებულებების წარდგენა. ბრალდების მოწმეთა შორის ბოლო იყო პათოლოგანატომი, რომელმაც ილაპარაკა 8 წლის მარტინ რიჩარდის უმძიმეს ჭრილობებზე, რომელთა შედეგადაც ის გარდაიცვალა. 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონის ფინიშზე მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა (ზოგიერთი ძალიან მძიმედ) 260-ზე მეტი ადამიანი. პროკურატურის ვერსიით, ძმებმა ცარნაევებმა ტერაქტი მოაწყვეს აშშ-ზე შურისძიების მიზნით, მის მიერ მუსულმანურ ქვეყნებში წარმოებული ომების გამო. ჯოხარ ცარნაევს 30 ბრალდება აქვს წაყენებული, მათგან 17 სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მათ შორის არის მუხლები, რომლებიც ეხება ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და განხორციელებას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით. ბრალდებებს შორის არის პოლიციელ შონ კოლიერის მკვლელობაც. ორშაბათსვე ჯოხარ ცარნაევის დაცვა შეუდგა თავისი მტკიცებულებების წარმოდგენას. ჯერ კიდევ პროცესის დასაწყისში, ადვოკატებმა აღიარეს, რომ ჯოხარ ცარნაევი ტერაქტის შემსრულებელი იყო. მათი ამოცანაა არა ცარნაევის გამართლება, არამედ მისთვის სასიკვდილო განაჩენის აცილება. ადვოკატები ცდილობენ ნაფიცი მსაჯულები დაარწმუნონ, რომ 19 წლის ჯოხარ ცარნაევი უფროსი ძმის გავლენის ქვეშ მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG