Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კრიმინალური ქრონიკა კახეთში


გაიზარდა თუ არა კახეთში კრიმინალი? მოსახლეობამკვლელობების, ქურდობისა და წვრილმანი ხულიგნობის გახშირებულ შემთხვევებზე ლაპარაკობს. კონკრეტულ ფაქტებს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში ცხენები,ძროხები, ცხვრები და რამდენიმე ათეული კილოგრამი თაფლი გაუჩინარდა. საქონელიც და პროდუქტიც მოსახლეობამ საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ან მიმდებარე ტერიტორიებიდან დაკარგა. ერთ-ერთი დაზარალებულია გიორგი სურმანიძე. ის დეტალურად ჰყვება, თუ როდის და რა დაიკარგა სოფელში:

„საღამოს საკუთარ სახლთან რომ მორეკა ცხვარი, დილას ადგა და 7 ცხვარი აღარ იყო. ერთი საქმეც არ გახსნილა. ერთი ცხენი მეც მყავდა, იმით ვცხოვრობდი, ორი შვილი მყავს და მათ ვარჩენდი, და ის მომპარეს. გაქრა ასე უგზო-უკლოდ!“

გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე ინფორმაცია აქვს სოფელ ფონის დეპუტატს მარინა კოკოევს. დეპუტატი კიდევ ერთ ამბავს გვიყვება, რომელიც ფონაში მოხდა. მისი თქმით, ხორცით მოვაჭრეემა ერთ-ერთი ოჯახიდან 10 ათასი ლარის ღირებულების საქონელი ისე წაიყვანეს, რომ მფლობელისთვის თანხა ამ დრომდე არ გადაუხდიათ:

- საქონელი გაატანეს ადამიანს, და ფული აღარ მოიტანა?

„დიახ! გაატანეს ისეთ ადამიანს, რომელსაც იცნობდნენ“.

- რამდენ ლარზეა ლაპარაკი, დიდი თანხაა?

„დიდი თანხაა, 10 000-ია“.

მიმდინარე წლის 3 თვეში კახეთში მაღაზიისა და ბანკების ფილიალების გაქურდვის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრი გაქურდეს და 3 ათას ლარამდე თანხა წაიღეს. მსგავსი შემთხვევა იყო სოფელ ანაგაშიც. ქურდობის გარდა, იყო მკვლელობის შემთხვევებიც. მიმდინარე თვეში წნორში მამაკაცმა 27 წლის ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. მკვლელობა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიც. ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. ამ შემთხვევების გამო, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ კახეთის რეგიონში კრიმინალი გაზრდილია.:

„ძალიან მომატებულია კრიმინალი. მანქანას დააყენებდი თუ სახლში საქონელი გყავდა, არ გეშინოდა არაფრის მოპარვის“.

„მე, მაგალითად, კართუბნიდან ვარ და კართუბანში გაიძარცვა ბანკის ფილიალი. დღესაც ვერ გაუგიათ, ვინ წაიღო ის თანხა. სოფელს ემსახურებოდა მშვენივრად, მაგრამ ამჟამად გვიწევს ლაგოდეხში სიარული“.

„ვიღაცამ დაჭრა, ვიღაცამ ისა ქნა და ასეთი რაღაცები მესმის ყოველდღე. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრიმინალმა მოიმატა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი აქვს გაკეთებული. სოფელ ფონაში მცხოვრები გიორგი სურმანიძის შეთხვევასთან დაკავშირებით სამინისტროს პრესცენტრმა წერილობით გვიპასუხა:

„მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა, ხალხის გამოკითხვა-დათვალიერება. ხშირად მინდორში გაშვებული საქონელი და ცხენები იკარგება. შეისწავლიან და თუ კიდევ ვერ იპოვეს, დაიწყებენ გამოძიებას“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. კვლევაში მონაწილეთა 11% ფიქრობს, რომ, პირიქით, გაუმჯობესდა, ხოლო რესპონდენტთა 25%-სთვის ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა ისეთივე დარჩა, როგორიც ადრე იყო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG