Accessibility links

logo-print

დროებით დაიხურა წინასასამართლო სხდომა, რომელზეც ე.წ. კაბელების საქმე განიხილება


თბილისის საქალაქო სასამართლოში დროებით დაიხურა წინასასამართლო სხდომა, რომელზეც ე.წ. კაბელების საქმე განიხილება. მოსამართლე დავით ჯუღელმა დამსწრეებს დარბაზის დატოვება სთხოვა იმ მიზეზით, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ სასამართლო სხდომა კვლავ გაიხსნება. ე.წ. კაბელების საქმის გამო წინასწარ პატიმრობაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი. მათ პროკურატურა ადანაშაულებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში. დღევანდელი წინასასამართლო სხდომის დაწყებისას ხუთივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მათი ადვოკატები დღეს მოსამართლეს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ ბრალდებულებს პატიმრობა აღკვეთის სხვა ზომით შეუცვალოს. "დაცვის მხარის მტკიცებულებები ბრალდებულთა უდანაშაულობას ადასტურებს, მაშინ, როცა პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია" - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ლევან სამუშიამ. თავის მხრივ, პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განმარტა, რომ ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებების 2200 გვერდი, საიდანაც 2000 სწორედ ბრალდების მხარის მიერაა მოპოვებული. პროკურორის შეფასებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ზომის შესაცვლელად არანაირი საფუძველი არ არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის სხვა წევრები. სასამართლოში იმყოფება შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, რომელმაც ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მისი მიზანია პროცესის მიმდინარეობას გაეცნოს.

XS
SM
MD
LG