Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტულ დაჯგუფებებში 25 000-ზე მეტი უცხოელია


გაეროს მონაცემებით, 25 ათასზე მეტი უცხოელი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“, ალ-ყაიდისა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში, ძირითადად - სირიასა და ერაყში. „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს ამ ცნობას გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით. გასული წლის შუიდან მიმდინარე წლის მარტამდე ტერორისტულ დაჯგუფებებში გაწევრიანებულ უცხოელთა რაოდენობა 71%-ით გაიზარდა. გაეროს ექსპერტების თანახმად, სირია და ერაყი იქცა ექსტრემისტთა ერთგვარ „საერთაშორისო მოსამზადებელ სკოლად“. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს როლი ეკუთვნოდა ავღანეთს. ავღანეთის სპეცსამსახურების შეფასებით, ამჟამად ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფება დაახლოებით 6500 უცხოელი ექსტრემისტი. ასობით უცხოელი იბრძვის ლიბიაში, იემენში, პაკისტანსა და სომალიში. ტერორისტული ჯგუფების რიგები ივსება ასზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებით. გაეროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მეომრით ტერორისტულ დაჯგუფებებში წარმოდგენილი არიან: ტუნისი, მაროკო, საფრანგეთი და რუსეთი.

XS
SM
MD
LG