Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მსოფლიო ბანკი" : რუსეთის ეკონომიკა 3,8%-ით შემცირდება


"მსოფლიო ბანკის" პროგნოზით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდება - იმაზე მეტად, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. "მსოფლიო ბანკის" ანგარიშში, რომელიც 1 აპრილს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ უარყოფითი ტენდენციები დაკავშირებულია ნავთობზე მსოფლიო ფასის ვარდნასა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან. 2015 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 3,8%-ით შემცირდება და არა 2,9%-ით, როგორც იანვრის პროგნოზში იყო მითითებული. "მსოფლიო ბანკი" თვლის, რომ 2016 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება მხოლოდ 0.3%-ით. იანვრის პროგნოზით, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკის 0,1%-ით ზრდაც კი იყო ნავარაუდევი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიმართ 2014 წელს დაწესებული სანქციების ეფექტი რუსეთის ეკონომიკაზე საგრძნობი გახდა მხოლოდ გასული წლის ბოლო კვარტლიდან. "მსოფლიო ბანკში" თვლიან, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უფრო ღრმა შედეგებს გამოიღებს 2015 წლის განმავლობაში და მომავალ წელს. "მსოფლიო ბანკის" მონაცემებით, რუსეთიდან კაპიტალის გადინების მოცულობამ გასული წლის შუიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში 151 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთიდან კიდევ 80 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავა.

XS
SM
MD
LG