Accessibility links

logo-print

ირანი და ექვსეული შეთანხმდნენ სამომავლო ხელშეკრულების „საკვანძო პარამეტრებზე“


ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების „საკვანძო პარამეტრებზე“. ამის შესახებ ცნობილი გახდა 2 აპრილის საღამოს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ბრიფინგზე. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ წაიკითხა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც 2 აპრილს მიღწეული „ურთიერთგაგება“ არის გადამწყვეტი ნაბიჯი ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად. ამ შეზღუდვის სანაცვლოდ, თეირანს შეუმსუბუქდება მისთვის დაწესებული სანქციები. „დღეს გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი. მივაღწიეთ ურთიერთგაგებას ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის საკვანძო პარამეტრებზე. ეს შესაძლებელი გახადა ყველა მხარის პოლიტიკურმა მისწრაფებამ, კეთილმა ნებამ და მძიმე შრომამ“, - განაცხადა ლოზანაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის განმარტებით, ირანი და ექვსეული - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი - ჯერ არ მისულან საბოლოო მიზნამდე. მისი თქმით, საბოლოო ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით, გაუქმდება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია, რომელიც აწესებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ. ლოზანაში რვა დღის წინ დაიწყო ირანის და ექვსეული მოლაპარაკების ეს რაუნდი. ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო ხელშეკრულება, გეგმით, ივნისის ბოლომდე უნდა გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG