Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი: საბოლოო შეთანხმება თუ არ იქნება, ირანმა „შესაძლოა“ გააგრძელოს ბირთვული პროგრამა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თეირანმა შესაძლოა სრულად გააგრძელოს ბირთვული პროგრამა, თუკი დასავლეთი გავა შეთანხმებიდან, რომლის საბოლოო ვერსიაც ივნისში უნდა გაფორმდეს. მინისტრმა, მუჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, ირანს აქვს შესაძლებლობა „შესაბამისი ნაბიჯები“ გადადგას და არსებულ დონეზე „შეძლებს დაუბრუნდეს“ თავის ბირთვულ პროგრამას, მეორე მხარე თუ პატივს არ სცემს შეთანხმებასო. ზარიფმა, რომელიც ირანის მთავარი წარმომადგენელი იყო ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე, ამ განცხადებით პასუხი გასცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში დასმულ შეკითხვას. ანალიტიკოსების შეფასებით, მისი განცხადება უწინარესად მიმართული იყო კონსერვატიული შეხედულებების მქონე ირანელი პოლიტიკოსებისკენ, რომლებიც მწვავედ ეწინააღმდეგებიან 2 აპრილს შვეიცარიაში მიღწეულ შეთანხმების ჩარჩოს. ზარიფმა აუდიტორიას უთხრა, ირანი ძლიერი პოზიციიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას და შესძლო კარგი წინასწარი შეთანხმების მიღწევაო. ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადეს, რომ მიღწეულია შეთანხმების ჩარჩო, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეამციროს, დასავლეთის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. საბოლოო შეთანხმების გასაფორმებელ ვადად 30 ივნისია დაწესებული.

XS
SM
MD
LG